ხუთშაბათი, 2024-04-25, 9:29 AM
საიტის მენიუ
სიახლეების განყოფილება
პროგრამები [3]
ფილმები [0]
თამაშები [1]
მუსიკები [0]
ელექტრონული წიგნები [0]
სახელების ისტორია [3]
მოთხრობები [0]
გიორგი
მოთხრობები,ლექსები და პოემები [31]
შესვლის ფორმა
სიახლეების კალენდარი
«  მარტი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ძებნა
საიტის მეგობრები
ჩვენი გამოკითხვა
Rate my site
სულ პასუხი: 231
მთავარი » 2009 » მარტი » 7 » ილია ჭავჭავაძე “ოთარაანთ ქვრივი ”
ილია ჭავჭავაძე “ოთარაანთ ქვრივი ”
11:40 PM

ოთარაანთ ქვრივი

XVI 


ალბად!.. 


გავიდნენ კიდევ დღენი და თვენი. დადგა მაძღარი შემოდგომა. სოფელში გაიმართა ქვევრების რეცხვა, საწნახელების ხიზვა და წმენდა. ქარვასავით ჩაფერიანებული მსუქანი მტევნები თეთრის ყურძნისა, მაყვალსავით შავად შეკუნწლული საფერავის ვაზები იწვევდნენ პატრონებს დასაკრეფად, — მალეო, თორემ ვდუღვართ და გადმოვდივართო. დაიკრიფა ვენახებიც, დაიწურა ყურძენი, დაჰდუღდა მაჭრები. მისწყდა სოფელში ხმამაღალი სიმღერა საწნახელში ჩამდგარ და ხელი-ხელ გადაბმულ მუშებისა. მხიარულმა მაჭრობამ თავისი დრო მოიჭამა და მიჩუმდა, თითქო მოიღალა და მოიქანცაო. 

მოვიდა შუაგული შემოდგომისა. სოფლის ორღობეებში დაიწყეს ჭრიჭინი მძიმედ დადებულ თივის ურმებმა. სოფელი ეშურებოდა ვენახებიდამ შინ თივის ზიდვას საქონლის გამოსაკვებად ზამთარში: ეშინოდათ თოვლს არ მოესწრო. 

არჩილსაც ოთხი საძნე ურემი შეება, თივას აზიდვინებდა და შინ ეზოში, გომურის შორი-ახლო ბოძებზედ შემდგარს მაღალ სათივეზედ ადგმევინებდა, რომ საქონლის პირი არ მისწვდეს და არ გააფუჭოს. 

მზე ჯერ მთას არ გადასცილებოდა ჩასასვლელად, იქ წვერზედ შემდგარიყო, თითქო ჰნანობს, — რას ვეშურები და ამ ლამაზ ქვეყანას ეგრე მალე რად ვეთხოვებიო. მშვიდობიანი, გრილ-სითბოიანი, მშრალი, უნესტო, უღრუბლო საღამო შემოდგომისა კუტსაც კი ფეხს აადგმევინებდა და გარეთ გამოახედებდა. 

არჩილი და კესოც გამოსულიყვნენ სახლიდამ, ჩასულიყვნენ სათივესთან, იქ ერთს უშველებელ კუნძზედ ჩამომსხდარიყვნენ და უცქეროდნენ მუშებს, რომელნიც თივასა სდგამდნენ. 

არჩილს უამისოდაც ძალიან უყვარდა მუშებში ყოფნა და იმათთან ლაპარაკი, ზოგჯერ ლაზღანდარობაც. კესოსათვის არა-ერთხელ უთქვამს, რომ მე იმათგან ზოგჯერ ჭკუასა და ხშირად ენასა ვსწავლობო. 

ოთხი ურემი ოთხ-კუთხივ მოსდგომოდა სათივეს. სამი დაცლილი იყო და ერთიდამ-ღა აწვდიდნენ თივასა. შუა-სარი სათივისა ორ ადლზე-ღა ჰჩანდა და სათივე ვიწროზე ადიოდა თავის მოსაბმელად. 

ამ დროს გიორგის თოხი მხარზე გაედო და მოდიოდა. 

— პეტრე, აი პეტრე — დაუძახა შორიდამ თივის მდგმელს. — ბაღისაკენ გადახრილია ე თავი სათივისა; გვერდელად აგყავს, არ ივარგებს, გაასწორე. 

— გიორგია. საიდამ იძახის? — იკითხა არჩილმა, რადგანაც იმ მხრივ, საიდამაც გიორგი მოდიოდა, არჩილს წინ ურემი ეფარა. ურმის გამო ვერც გიორგი დაინახავდა არჩილსა და კესოს, ვერც ესენი გიორგისა. 

— საიდამ მოსდიხარ თოხით მხარზე? — ჰკითხა არჩილმა, როცა გიორგი ახლო მოვიდა და საღამო-მშვიდობისა უთხრა და-ძმასა. 

— წყალი გადმოვარდნილიყო ამ ჩვენ პატარა ბაღში წისქვილის რუიდამ და იმის გადასაგდებად ვიყავი. 

— რას იძახოდი? 

— არაფერს. ცოტა თანაბრად ვერ ადის ვიწროდამ თივა, ავდრის წყალს დაიგუბებს და გაფუჭდება. ის დავუძახე პეტრეს, გაასწორე-მეთქი. 

— აბა მაჩვენე. 

არჩილი წამოდგა. გიორგი გაუძღვა და მეორე მხრიდამ შეახედა. 

— მართალი ხარ, — უთხრა გიორგის არჩილმა, — პეტრე! გიორგი მართალს ამბობს, თავი ვერ ედგმის კარგად. 

პეტრემ შუა-სარზედ ჩამობმულს წნელს მოჰკიდა ხელი და ეგრე ხელ-მომაგრებულმა გარშემო შემოუარა და ჩახედ-ჩამოხედა სიმრგვლივ სათივეს. 

— აკი ღმერთი არ გამწყრომია! — დაიძახა პეტრემ. — გასწორება უნდა, მოდი, თუ ღმერთი გწამს, გიორგი. ერთი ამომეშველე, გავასწოროთ, თორემ მე მარტოკა დღეს მაგას ვეღარ მოვასწრობ და საქმის სახვალიოდ დაგდება კი მეზარება. 

— კაცო-და ფეხი სად მოვიკიდოთ ორმა კაცმა მაგ ვიწროზედ? — ასძახა გიორგიმ. 

— მაშ ნუ დამზარდები, შენის ღმერთის გულისათვის: მე ჩამოვალ და შენ ამოდი. მე მკლავებიდამ მოვწყდი, შენ შესვენებული ხარ, მალე გაასწორებ. აბა თუ ბიჭი ხარ, მადლს იზამ და მარილს მოაყრი. 

— იცი კი დადგმა თივისა? — ჰკითხა კესომ ამჟამად აქ მოსულმა, — ამბობენ, მაგას ცოდნა უნდაო. 

— ხელობა რა არის, ქალბატონო, — შეჰღიმა გიორგიმ. — განა სად გავიზარდე!.. 

— მაშ აბა! — უთხრა არჩილმა, — ეს ბურთი და ეს მოედანი. 

პეტრემ წაავლო სარზედ გამობმულ წნელს ხელი, ჩამოცურდა და ფეხი ძლივს მოაწვდინა საძნე ურმის ჭალებამდე ფეხის მოსაკიდებლად. როგორც იყო ჩამოვიდა, მივიდა, გიორგის მხარზედ ხელი დაჰკრა და ტკბილის გულით უთხრა: 

— ჩემს კისერზედ იყოს, ჩემო გიორგი! არ დაგეკარგება. სხვა არა იყოს რა, მამი-შენის ხნის კაცი ვარ. ეჰ, შვილო და ძმაო, კაცი რომ დაჰბერდება, შვილდი უნდა ძირს დასდოს. 

— რადაო? — ჰკითხა გიორგიმ. 

— მადაო, ჩემო კარგო, რომ ბერ-კაცს თვალიც ატყუებს და ხელიც ჰღალატობს, ის ქარი აღარა აქვს, რაც ახალგაზრდას. შენს ხანში ხელს არ მოვიტეხდი, რომ ეს ამბავი მომსვლოდა? 

— ახალსა ნამუდრაგალსა ბერის სჯობია ჩანჩალიო, გულს ნუ გაიტეხ. 

— გაცოცხლა ღმერთმა, თქმაც იცი და კეთებაც. 

გიორგიმ ეს უკანასკნელი სიტყეები ვეღარ გაიგონა, მაშინვე ავარდა ურემზედ, ორ-თითით მოიწვდინა თივაზე სარტყელსავით ჩამოკიდებული წნელი და თვალის დახამხამების უმალ სათივეს ზედ თავზედ მოექცა. მიშალ-მოშალა, ჩამოჰყარა ძირს თივა, დაადაბლა სათივე და რაკი ნახა, — აქედამ ეხლა სწორედ ავაო, დაიწყო დგმა. მინამ დიდი ბინდი მოეფინებოდა ქვეყანას, გიორგიმ თავისი საქმე გაათავა. 

— ცეცხლია, სწორედ ცეცხლი, ე დალოცვილის შვილი! — ეუბნებოდა არჩილს გულმართალი პეტრე, როცა ქვევიდამ შესცქეროდა გამალებულს მუშაობას გიორგისას. 

— მართლა კარგი რამ არის, — კვერი დაუკრა არჩილმა. 

— კარგიო!.. ბადალი არა ჰყავს, ბადალი ამ სოფელში!.. 

გიორგიმ რომ გაათავა, გადმოსძახა პეტრეს: 

— აბა, პეტრე, ერთი შენებურად დაუარე სიმრგვლივ, კარგად შემოკვერცხლილია, თუ არა? 

პეტრემ აუარ-ჩაუარა სათივეს და ასძახა: 

— კარგია, კარგი. ჩამოდი, მაგას სხვა აღარა უნდა-რა. 

გიორგიმ წაავლო ხელი წნელს, ფეხები თივას მიაბჯინა, დასჭიმა წნელი და დაიწყო ჩამოცოცვა სათივიდამ. შუამდე მოვიდა თუ არა, უეცრად გაუწყდა წნელი... გიორგი პირაღმა გადმოქცეული, წამოვიდა მაღლიდამ და ურმის ჭალს ზედ დაეგო ზურგითა. ჭალმა ვერ გაუძლო, გადატყდა, მაგრამ ზურგის ძვალი კი შეუნგრია... 

არჩილი, კესო, ხალხი მისცვივდნენ და გიორგი ცოცხალ-მკვდარი ნახეს დედამიწაზედ პირქვე დამხობილი, სისხლი შადრევანსავით სცემდა... 

არჩილი მაშინვე მუხლის კვერებზედ დაეცა გიორგის წინ და სცდილობდა წყლული შეეხვია. ზოგი არჩილმა, ზოგი სხვებმა, როგორც იყო, წყლული შეუხვიეს და, ცოტა არ იყოს, სისხლის დენამ უკლო. 

ცოცხალ-მკვდარი გიორგი და გულშემოყრილი კესო ცალ-ცალკე შეიტანეს ხელით სახლში. 

— აი, ღვთის წყრომა!.. რა შეგცოდე, ღმერთო, რომ მე გამხადე საბაბი!.. — უნებურად წამოიძახა პეტრემ და ატირდა. 

— ხიფათი რომ იქნება, — იქნება, — ანუგეშა ვიღაცამ პეტრე. — ალბად ეგ წერებულა მაგის შუბლბედ!.. შენი რა ბრალია?!. 


XVII 


ზარი. 


არჩილმა თავის ოთახში აატანინა გიორგი და თავის ლოგინზედ დააწვენინა. მაშინვე კაცი აფრინა მკურნალის მოსაყვანად მახლობელ ქალაქიდამ. ორი-სამი კაცი კიდევ სხვა გაჰგზავნა სხვადასხვა სოფლებში, რომ შინაური ჯარა-ექიმებიც მოეწვიათ, ვინც კი გამოჩენილი იყო და შინაკაცებმა დაუსახელეს. 

თითონ იმავ სოფელშიაც იყო ერთი სახელგანთქმული ჯარა-ექიმი — ოფოფაანთ დემეტრე. ისიც დაიბარეს და ნახევარ საათსაც არ გაუვლია, დემეტრე ჩამოვიდა. 

გასინჯა დემეტრემ გიორგი. კარგა ხანსა სინჯა, კარგა ხანს იქნია თავი და ბოლოს უთხრა არჩილს: 

— არა, ბატონო!.. მე მაგას ხელს ვერ მოვკიდებ. ეგ ამ ქვეყნისა აღარ არის. მაგისი წერა ეგა ყოფილა... 

— ერთი სცადე... თუ ღმერთი გწამს, ხელი დაადე... რაც გინდა მთხოვე და მაგის ცოდოს კი ნუ დაატრიალებ ჩემს სახლში, ჩემს თავზედ!.. 

ეხვეწებოდა, ევედრებოდა არჩილი, რომელიც იმ უბედურის წამიდგან აღარ მოშორებია გიორგის: გიორგის ლოგინთან დაჩოქილიყო, მომაკვდავის ცივი ხელი თავის ხელის-გულზედ დაედო და თითონაც არ იცოდა, რისთვის უზელავდა ხელით ხელსა. 

— ტყუილი წვალება-ღა იქნება უბედურისა. სჯობია უწვალებლად მიაბაროს სული, — მიუგო დემეტრემ. — ამაღამ, — დიდი საქმეა, — თუ გაატანა: შიგანური სულ შენგრეული აქვს. 

— მერე ცოდო არ არის ამისთანა ბიჭი მოკვდეს!.. — წამოიძახა გულამოჯდომით არჩილმა და თავი ჩაჰკიდა დიდის მწუხარებით. 

— ჰაი, ჰაი რომ ცოდოა!.. — დაიღმუილა ვიღაცამ ტირილის ხმით. 

ყველამ იქით მიიხედა, საიდამაც ეს ხმა მოვიდა და ბნელს კუთხეში არჩილის მეწისქვილე კი დაინახეს. ამ ბერი-კაცს შეეტყო ეს ამბავი, მოვარდნილიყო, შეპარულიყო ოთახში, საცა გიორგი ესვენა და ბნელ კუთხეში მობუზული ქვითქვითებდა ჩუმად, თითქო ეშინოდა, არავინ გამიგოსო... 

— არ გებრალები, ჩემო სოსიავ, რომ ასეთი ცოდვა დატრიალდა ჩვენს ოჯახში!.. — შესჩივლა არჩილმა მეწისქვილეს, რაკი ნაღველის მოზიარე იგულვა, თითქო ამით ნაღვლის განქარვებას ჰლამისო. 

— ოღონდაც, ბატონო, ოღონდაც!.. — წაიქვითინა ეხლა კი ხმამაღლა მეწისქვილემ, რაკი გული ვეღარ შეიმაგრა... — ვაი მაგის დედის ბრალი, ვაი!.. 

მარტო ეხლა მეწისქვილის ხსენებამ მოაგონა არჩილს ოთარაანთ ქვრივი. ამ ვაი-ვაგლახში აღარავის მოჰგონებია, შვილის ამბავი დედისათვისაც შეეტყობინებინათ. 

ოთარაანთ ქვრივმა ჯერ არა იცოდა-რა. 

არჩილი მეტად შესწუხდა, არ იცოდა, რა გზით და როგორ გაემჟღავნებინა დედისათვის. ამის ფიქრსა და წუხილში იყო, რომ გიჟსავით გაფეთებული შემოვარდა კესო, უკვე მოსულიერებული. კესოს ცოცხალის ფერი არ ედო. 

— როგორ არის, არჩილ, როგორ? — ჰკითხა აჩქარებით ძმასა და მაშინვე გიორგის ლოგინთან მიიჭრა. 

— შენი მტერიმც ნუ ყოფილა ასე!.. — ძლივ-ძლივ წაიდუდუნა ძმამ. 

კესომ დაჰხედა გიორგის. გიორგი გვერდზედ დაეწვინათ, ასე რომ პირისახე კესოსაკენა ჰქონდა. კესომ ნახა, რომ ეს ბრგე ყმაწვილი კაცი ძლივს-ღა ჰფეთქავს... კესოს მტკივნეულად შეეკეცა შუბლი... მიიფარა ორივე ხელი ორსავ თვალზედ და, თითქო მოგუბებული ცრემლი უკუვ უნდა აქციოსო, რაც ძალი და ღონე ჰქონდა ჭმუჭვნა დასრესა დაუწყო თვალებსა ხელებ-ჩამოუღებლივ. 

— კესო, ნუ შევატყობინებთ დედასა? — ჰკითხა ძმამა. 

— როგორ თუ ნუ? შვილი მოვუკალით და არც კი ვატყობინებთ, — რომ სულთმობრძავს მაინც მოუსწროს, სული დედის კალთაში მაინც დაჰლიოს... — მოსთქვამდა ქვითინით კესო. 

— მე აღარა მესმის-რა, — უთხრა ძმამა, — ამ საცოდავობამ გამაშტერა. აღარც ჭკუა მერჩის, აღარც ხელ-ფეხი!.. დაბნეული ვარ. 

გაჰგზავნეს დედასთან ბიჭი. მალე მოვიდა ოთარაანთ ქვრივი. თუმცა ფეხაჩქარებით, მაგრამ ისე გულ-დინჯად შევიდა გიორგის ოთახში, თითქო შენათვალი არაფრად შეუმჩნევია და აინუნშიაც არა მოსდის-რაო. მარტო სახე თითქო უფრო ჩამოსჭკნოდა, წარბებ-შუა შუბლი ორ-სამ კეცად ჩაჰნაოჭებოდა და ზაფრანის ფერი ედო. 

იმასთან გაგზავნილი ბიჭი კი გოგო-ბიჭებში ლაპარაკობდა, რომ შენათვალი ვუთხარი თუ არა, ეს ვეება დედაკაცი კინაღამ თავზე არ წამომექცაო. 

— რა გატირებს, ჩემო კარგო!.. — უთხრა გზა-და-გზა გიორგისაკენ მიმავალმა დედამ მტირალს კესოს. — განა სატირლადაც გაჰხდა საქმე!.. 

ხმა არავინ გასცა რიდისა და კრძალვისაგან. ზარი დიდი იყო!.. ოთარაანთ ქვრივი მივიდა შვილის ლოგინთან და რა დაჰხედა ცოცხალ-მკვდარს შვილს, ერთი საშინელი შემოიკრა თავში ხელი და იქვე მუხლი მოეჭრა და ჩაიჩოქა. 

ხმაგაკმენდილს ოთახში ენა ვეღარავინ დასძრა, ასოც ვეღარავინ შეატოკა. 

მარტო ერთად-ერთის სანთლის ალი ჰთრთოდა ლოგინის თავში, სხვა ყველა სულიერი თითქო გაქვავდნენ, თითქო მარილის სვეტებად გადიქცნენო. 

დადუმდა, შეჰდგა ყველა და მარტო დედა-შვილობის საცოდავობა-ღა თავის დიდებულის ზარით ჰღაღადებდა უთქმელად, უტყვად, ხმა-ამოუღებლად. 

ამას მარტო თვალი გულისა-ღა თუ ჰხედავდა და ყური გულისა-ღა თუ ისმენდა!.. ხორციელი სმენა, ხორციელი ხედვა ამისათვის უღონოა.



კატეგორია: მოთხრობები,ლექსები და პოემები | ნანახია: 1510 | დაამატა: begliti | რეიტინგი: 4.8/4 |
სულ კომენტარი: 0