ილია ჭავჭავაძე “ოთარაანთ ქვრივი ” - 8 მარტში 2009 - Personal site
ხუთშაბათი, 2016-12-08, 1:07 AM
საიტის მენიუ
სიახლეების განყოფილება
პროგრამები [3]
ფილმები [0]
თამაშები [1]
მუსიკები [0]
ელექტრონული წიგნები [0]
სახელების ისტორია [3]
მოთხრობები [0]
გიორგი
მოთხრობები,ლექსები და პოემები [31]
შესვლის ფორმა
სიახლეების კალენდარი
«  მარტი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ძებნა
საიტის მეგობრები
ჩვენი გამოკითხვა
Rate my site
სულ პასუხი: 203
მთავარი » 2009 » მარტი » 8 » ილია ჭავჭავაძე “ოთარაანთ ქვრივი ”
ილია ჭავჭავაძე “ოთარაანთ ქვრივი ”
2:25 PM

ოთარაანთ ქვრივი

VIII 

გასტეხს ქვასაცა მაგარსა... 


მზემ ადგომა მაინც ვერ დაასწრო. ოთარაანთ ქვრივი პირდაბანილი და ტანთ-ჩაცმული იყო, რომ მზემ მაშინ ძლივს ამოჰყო თავი მთის წვერიდამ და გადმოხედა ქვეყანას თავის ერთად-ერთის ოქროსავით ბრჭყვიალა თვალითა. მთების ნამს მოახვედრა მზემ თავისი სხივი თუ არა, მთამ ორთქლი აუშვა, თითქო საკმელს უკმევს ამ უზარმაზარს ცეცხლის ბურთსაო. 

— რა დამემართა წუხელის? — ჰკვირობდა ოთარაანთ ქვრივი, — რამ წამიღო? რამ დამძლია და ამითრია? ჭირს ნუ გაუტყდებიო, მითხრა ცხონებულმა. მოდი და ნუ გაუტყდები!.. დამალული ჭირი ძნელია. პირდაპირ მოსულს კიდევ როგორც იქნება შეეჭიდება კაცი... ვის ვეჭიდო და რას, რაც არ ვიცი. გული ამან შემიშინა... ბნელმა თავის ნაბადში გაახვია ჩემის გიორგის ამბავი. თუ სიყვარულია... ღმერთმა ბედი მისცეს და თუ სხვა რამ არის!.. ცოდო... სისხლი... ჩაიქოლე თავი, ოთარაანთ ქვრივო, ჩაიქოლე... გულზედ ლოდსავით დააწვება და თავის დღეში აღარ აეხსნება. აღარ აეხსნება... აღარ, აღარ!.. 

კიდევ აჰყვა წუხანდელს ფიქრსა. სულ ის სამის დღით წასვლა შვილისა აგონდებოდა და აფრთხობდა. 

ფიქრი, რაკი ერთხელ ასე თუ ისე გამოიკვანძა, თოვლის გუნდასა ჰგავს, მთის წვერიდამ დაქანებულს: რაც დიდ მანძილზე მიჰგორავს, უფრო ძლიერდება, უფრო ჰმატულობს, უფრო ჰდიდდება. თუ კაცმა არ დააყენა, ზვავად იქცევა და სხვას ყველაფერს თან გაიტანს. ოთარაანთ ქვრივსაც ასე მოუვიდა. დაუგუნდავდა ფიქრი, შვილის სიყვარულმა ხელი ჰკრა და დააგორა იმ მაღალ მთიდამ, საცა მარტო ჭეშმარიტი დედა-შვილური სიყვარული ჰსადგურობს. რა გაუძლებდა!.. 

ყოველგვარი სიყვარული, — დედა-შვილურია, თუ სხვა, — მაინც ფრთხილია და მშიშარა: ჭირი უფრო ელანდება, ვიდრე ლხინი, როცა საყვარელის ტკივილი გამოცანაა, დამალულია, მიუგნებელია. 

დედას შვილი ისევ ლოგინში მწოლარე ეგონა, როცა — აქაოდა შვილი არ გამოვაღვიძოო — ბნელ სახლიდამ ფეხ-აკრეფით გარეთ გამოვიდა ცოცხით ხელში დერეფნის დასაგველ-დასაწმენდად. გაუკვირდა რომ თვალი შეასწრო გიორგის, კაკლის ქვეშ ჩრდილში მწოლარეს. გიორგის თავისებურად ამოედო თავ-ქვეშ ორივ ხელები, პირაღმა იწვა ფეხებ-გაშოტვილი და კაკლის მაღალ შტოებს შესცქეროდა. ყუისავით თეთრი და ფაფუკი ღრუბელი ნაჭერ-ნაჭერ აქა-იქ მიდიოდ-მოდიოდა წყნარად და აუჩქარებლად გადაწმენდილ ცაზედ, თითქო ტოლ-ამხანაგებს ეძებენო ხელი-ხელს გადასაბმელად. ციაგ-მკრთალს ლაჟვარდს დილის ცისას საუცხოვოდ გადაეშალა თავისი კალთები ამ სუბუქად მცურავ პაწია სტუმრებისათვის, თითქო დედა იწვევს ახლად გაღვიძებულს ბალღებს კალთაში გასაგორებლადაო. სხვა დროს ამისთანა ცა, ამისთანა დილა ოთაარაანთ ქვრივსაც კი გაუხსნიდა მჭახე შუბლსა. ეხლა კი დარდი და ნაღველი არ აცლიდა. 

— შვილო, ამდგარხარ კიდეც!.. მე კი ისევ ქვეშაგებში მეგულებოდი. ვერც კი დავხედე შენს ქვეშაგებს, არ გავაღვიძო-მეთქი. 

— ძილი გამიკრთა, დედი! მე ჩემი ვქენ, ძილმა თავისი, არ იქნა, არ დამეძინა. გამიხარდა, რომ გათენდა და გარეთ გამოვედი. 

დედა მივიდა, თავთ დაუჯდა შვილს და შუბლზე ხელი გადაუსვა. 

— გიორგი, შენ შენსას მაინც არ იშლი… 

— რას მიჩივი, დედი? 

— რაღაც ნაღველი გაქვს, შვილო, რაღაც ნაღველი... წუხელის შენმა ჯავრმა არ დამაძინა. 

— მართლა-და, ძილში ჰლაპარაკობდი, — შორს გადუგდო სიტყვა გიორგიმ. — სულ ამას იძახოდი: ღმერთო, მიხსენ, ღმერთო, მიხსენო! 

— მე, შვილო? 

— ჰო-და შენ. 

— მე ძილში ლაპარაკი არ ვიცი. 

— ეგრე კი იყო-და! 

— მე ცხადლივაც მეჯავრება ტყუილ-უბრალო ღიჭინი. 

— ღვთის ხვეწნა ტყუილ-უბრალოა? 

— მა რა არის, როცა უდრო-უდროა. განა ჩემის მეტი დარდი არა აქვს ღმერთსა?! ვენაცვალე იმის მადლს... 

— დედი, რას ამბობ? 

— იმას, ჩემო კარგო, რომ ღმერთმა ადამიანი გააჩინა, უბძანა: წადი, შენს თავს შენვე მოუარეო; შენ იცი და შენმა წუთისოფელმაო; რაც წაგეკიდოს, შენი ბრალი იქნება, მე ნურას დამაბრალებო; მე ხელი დამიბანიაო; აქ ჩემთან რომ ამოხვალ, მაშინ სხვა არისო. ადუღებულ კუპრის ზღვაზედ ბეწვის ხიდს გაგიდებ, თუ კარგი ხარ, — გაივლიო; მადლი მხრებში შეგიჯდება და გაგატარებსო; კაი კაცს არ ჩაუწყდებაო 

— მადლი სუბუქია და ცოდო მძიმე განა, დედი?.. 

გიორგის უხაროდა, რომ დედა ფიქრით შორს წაუვიდა და ჰცდილობდა უკან აღარ დაბრუნებულიყო, კიდევ მე არ ჩამაცივდესო. ის კი არ იცოდა, რომ ცოდოს ხსენებაზედ დედას ელდა ეცა. ოთარაანთ ქვრივმა ყურები აცქვიტა, ცოდო რად ახსენაო. ჩვეულმა და ჭირვეულმა ფიქრმა ხელახლად დაჰქროლა და მოუშუშა გული. 

— მა რა არის, შვილო!.. — უპასუხა გულშეხუთულმა დედამ. — ეს წუთის-სოფელი ცოდო და მადლის ჭიდილია, სხვა არაფერი. ზოგი ცოდოს იკიდებს ზურგზედ და ტყვიასავით მძიმეა, ზოგი მადლს და ბუმბულსავით სუბუქია. შენთან ცოდოს რა ხელი აქვს!.. — უთხრა დედამ და ჩაუკვირდა შვილს, აცა რას იტყვისო დამნაშავე სამაკვდინო განაჩენს ისე გულის ფანცქალით არ მოელოდინება, როგორც ამ ჟამად დედა შვილისაგან პასუხს ელოდა. 

— უცოდველი ვინ არის? ისეთისაგან კი ღმერთმა მიხსნა, — უპასუხა შვილმა. 

დედას გულზედ მოეშვა. 

— მა რას ჩაკეტილხარ და დახურულხარ შენს გულში? შვილო, დედა ვარ და არა უცხო. შენი ჯავრი გულში ჩამიჯდა ჭიასავით და ჭიასავით მფქვავს და მჭამს. შემიბრალე და მაცოცხლე!.. 

გიორგი მაშინვე წამოჯდა, თითქო ცეცხლი შეუკეთესო. პირველი მაგალითი იყო, რომ მისმა გულგაუტეხელმა დედამ თავი შეაბრალა. ამას ოთარაანთ ქვრივი ყოველთვის ჰთაკილობდა. ეხლა კი გულმა სძლია ხასიათის გაუტეხლობას. დედა-შვილური სიყვარული მძლეთა-მძლეა. 

შვილმა შეჰხედა დედას. ოთარაანთ ქვრივს ცრემლი მოსდგომოდა თვალებში... ოთარაანთ ქვრივი ჰტიროდა!.. ამის მეტად დედის თვალზედ შვილს ცრემლი არ ენახა — ან იქნება ენახა და არ ახსოვდა; გიორგის ეოცა, გაუკვირდა. რკინის გადნობას ხელში ჭერისაგან დაიჯერებდა და დედის თვალში კი ცრემლს არა, სხვას რომ ეთქვა. 

შეწუხდა გიორგი. ჩაუფიქრდა თავის-თავს — დროა თქმისა თუ არაო. 

— დედი, — წამოიძახა ბოლოს შვილმა, — გეტყვი და ნუ შემრისხავ: შენი უნებური საქმე მწადიან. რიდი მქონდა და ვერ გეუბნებოდი, წადილი კი ვერ მოვიკალ, აი, რამდენი ხანია ვეჭიდები... 

— რა არის, შვილო, მაგისთანა? — უპასუხა დედამა და მსწრაფლ უკუექცა თვალთაგან ცრემლი. ოთარაანთ ქვრივი მაშინვე გამოიცვალა და ისევ საქმიან დედაკაცად იქცა, რაკი სიტვა საქმეზედ მიდგა. 

— მოჯამაგირედ მინდა დავდგე. გული შინ აღარ მიდგება. 

— ეგ რა სთქვი, შვილო? მამის შენის შვილი და ბოგანა-მოჯამაგირობა? საიდამ სადაო? ხომ საფლავში გადატრიალდა მამა-შენი სირცხვილისაგან... 

— ამას ვშიშობდი, დედიჯან, რომ გაწყენდი... მეც შემიბრალე, ადამიანი ვარ. 

— მერე რა წაგეკიდა სამაგისო? 

შვილმა თავი ჩაღუნა და პასუხი არ გასცა. დედას ელვასავით გაურბინა რაღაცა ფიქრმა. 

— მერე ვისთან აპირობ დგომას? — ჰკითხა ხელახლად დედამ. 

— ერთად-ერთი სახლია. ან იქ, ან არსად არ. 

— ვისი სახლია ისეთი? გლეხისა, თუ თავადისა? 

— თავადისა. 

— აქ, ჩვენში? 

— ჩვენში. არჩილს უნდა დავუდგე. 

ოთარაან ქვრივმა ეხლა კი თითზედ იკბინა. თითქო რაღაც ენიშნაო, რაღასაც მიაგნოვო. შვილს გადაწყვეტილი არა უთხრა-რა. აღარც შვილი გამოეკიდა, თითქო დიდმა საგონებელმა ამისათვის აღარ მოაცალაო. 


IX 


უცნაური ნასკვი. 


არჩილი ახლად გადმოსული იყო რუსეთიდამ. სწავლა იქ შეესრულებინა. ვეღარც დედას მოუსწრო, ვეღარც მამას, ორივენი დაჰხოცოდნენ. მარტო ერთი გასათხოვარი და-ღა ჰყვანდა და და-ძმანი ერთად სცხოვრობდნენ. გვარიანი სახლ-კარი და მამულები დარჩათ მამისაგან და იმავ სოფელში ჰქონდათ ბინა, საცა ოთარაანთ ქვრივი იყო. 

სოფელი ძალიან ემადლიერებოდა ამ და-ძმასა. კაი ხალხიაო, ყველა ამას იძახდა, ვისაც კი დაეკითხებოდით. ოთარაანთ ქვრივსაც ზოგიერთი კარგი ახსოვდა ამ და-ძმისაგან. თითონ არჩილს და იმის დასაც ბევრი რამ ჰქონდათ შეტყობილი ოთარაანთ ქვრივზედ და ბევრს იცინებდნენ ხოლმე მოწონების სიცილითა, როცა კი უცნაურის ქცევის და სიტყვა-პასუხის ამბავს ამ დედაკაცისას გაიგონებდნენ. 

— პატივსაცემი დედაკაციაო ეს ოთარაანთ ქვრივი, — ხშირად უთქვამთ დასაცა და ძმასაცა და ერთი შემთხვევაც არა ჰქონიათ, რომ სიყვარულით და თავაზით არ მოეკითხნათ, როცა კი ოთარაანთ ქვრივს შეჰხვედრიან. 

არ ვიცით, ოთარაანთ ქვრივს საამურად ჰქონდა ეს თავაზიანი მოკითხვა, თუ არა. ეს კი ვიცით, რომ როცა ამათზედ კარგს ვინმე იტყოდა, ოთარაანთ ქვრივი დაატანდა: 

— ჭკუა აქვთ და იმიტომაო. 

გიორგის ამბებიც არა-ერთხელ მისვლიათ და-ძმასა და არა-ერთხელ გაჰკვირვებიათ მისი ზნე და ხასიათი. ვერ გამოეცნოთ, — გლეხკაცობაში საიდამ და როგორ უნდა დაწნულიყო ამისთანა ზნე, ამისთანა ხასიათი. 

— „ბევრი რამ არის, ჩემო ჰორაციო, ამ ქვეყნიერობაში იმისთანა საიდუმლო, რომელიც სიზმრადაც არ მოსჩვნებიათ ჩვენს ფილოსოფოსებსაო”, — ეტყოდა ხოლმე არჩილი თავის დას ჰამლეტის სიტყვებს, როცა გიორგიზედ ჩამოუვარდებოდათ ლაპარაკი. 

გამოუცვნელს გამოცანას ამით მოუღებდნენ ხოლმე ბოლოს. 

— გიორგი გიახლათ, — მოახსენა ერთ საღამოს მოსამსახურემ არჩილსა. არჩილი მაშინ ტახტზედ წამოწოლილი იყო და ყურს უგდებდა დას, რომელიც რაღაც წიგნს ხმამაღლა უკითხავდა. 

— ვინ გიორგი? — ჰკითხა არჩილმა. 

— ოთარაანთ ქვრივის შვილი. 

— მობრძანდეს. 

შემოვიდა გიორგი და, ქუდმოხდილი გაჩერდა რა კარებთან, სთქვა: 

— საღამო მშვიდობისა. 

— აი, გაგიმარჯოს, ჩემო გიორგი! — უთხრა მხიარულად არჩილმა. — რასა იქ? როგორა ხარ? როგორ არის შენი პატიოსანი დედა? 

— რა გვიჭირს? ღვთის მადლით კარგადა ვართ. 

— ამბავი, ხაბარი... რისთვის გარჯილხარ? 

— ნუ მიოცებთ კი და თქვენთან ყოფნა მწადიან. 

— მოდი-და ნუ იოცებ. რისთვის? როგორ? 

— როგორც გნებავდეთ: გინდათ მოჯამაგირედ გიახლებით, გნებავთ მუქთად გემსახურებით. ჩემთვის არაფერი ბედენაა. 

— რას ამბობ, კაცო! — ჰკითხა მართლა გაოცებულმა არჩილმა. — შენის ოჯახის პატრონი და მოჯამაგირედ დგომა, — ვის გაუგონია. ან შენ ვერ გაგიგია, რა გინდა, ან მე არ მესმის, რას ამბობ. 

— მე კარგად ვიცი, რასაც ვამბობ, თქვენ ოღონდ ეგ წყალობა მიყავით. გული აღარ მიდგება შინ, ლამის მარტოობამ დამლიოს. 

— მერე დედა-შენი? — იკითხა არჩილის დამა და თავისი მარილიანი თვალები მიაშუქა გიორგისა. 

— დედა-ჩემი... დედა-ჩემსა სწყინს, ქალბატონო, მაგრამ ვეღარ გაუტეხივარ. 

— აბა, ჩემო გიორგი, ჩვენ დედა-შენს ვერ ვაწყენინებთ. იმისი დიდი თავაზა და ხათრი გვაქვს, — უთხრა არჩილმა. 

— თქვენ ეს მიბძანეთ, მამყოფებთ თქვენთან, თუ არა და დედი-ჩემისა მე ვიცი, არ ამიხირდება... დედის-ერთა ვარ... 

— მამყოფებთო!.. ორისავე ხელით, სიხარულით. შენისთანას სად ვიშოვი. განა არ გიცნობ... ეს დედა-შენი მაღონებს. 

— მადლობელი ვარ. მაშ მშვიდობით ბძანდებოდეთ. ამ დღეებში გიახლებით. 

— ჯამაგირი? 

— გინდა იყოს, გინდა არა, მოგახსენეთ, დიდი ბედენა არ არის. 

— ეგ არ იქნება. მაგისი ყაბული არა ვარ. სთქვი, — რა მოგცე? 

— რაც შენი ნებაა. 

— ეგ არ იქნება-მეთქი, სთქვი. 

— რაცა ვღირდე, ის მომეცი. 

— ჩემს ნამუსზედ აგდებ რაღა? 

— რა ცუდი თამასუქი ეგ არის! 

— ჩემი ნამუსი რომ შენს კაი-კაცობას არ გასწვდეს?! 

— არა უშავს-რა!.. რაც დამაკლოთ, ალალი იყოს თქვენზედ, გულს არ დამაკლდება. მშვიდობით ბძანდებოდეთ. 

ორივეს დაუკრა გიორგიმ თავი და მაშინვე გავიდა. 

დამა და ძმამ ერთმანეთს შეჰხედეს. 

— ეს რა ამბავია? — ჰკითხა დას არჩილმა. 

— არ ვიცი, შენ ნუ მოუკვდე ჩემს თავს! მიკვირს და მეოცება. 

— უთუოდ ფული რამ დასჭირებიათ. 

— რომ არა ჰთხოულობს!.. 

— ეგეც კი. ჩვენ კი ბედი გვეწია, რომ მაგისთანა კაცი ვიშოვეთ, და ოთარაანთ ქვრივს როგორღა გადვურჩებით, არ ვიცი. 

— იმის უნებურად ნუ ვიქთ მაგასა: პატივსაცემი დედაკაცია, ნუ ვაწყენინებთ. 

— შენც არ მომიკვდე, დედის უნებურად მე გიორგი სახლშიაც არ შემოვუშვა, თუმცა კი ძვირფასი კაცია ჩვენთვის. 

დამა და ძმამ ცალ-ცალკეც ბევრი იფიქრეს, მაგრამ ამ უცნაურს ნასკვს წვერიც ვერ უპოვეს გამოსახსნელად. 





მხილებაა, თუ კადნიერება? 


არ გასულა ამის მერმედ ორი დღეც, რომ ოთარაანთ ქვრივი არჩილიანთას მივიდა. 

— ო, ნათლიდედ, ნათლიდედ! მობრძანდი, — დაუძახა შორიდამვე არჩილმა, როცა ოთარაანთ ქვრივს თვალი შეასწრო. და-ძმანი ძირს ეზოში ისხდნენ დიდ ფურცელ-ქვეშ და დილის ჩაის შეექცეოდნენ. 

— დილა კარგა-ყოფნისა, — მიესალმა ოთარაანთ ქვრივი, როცა ახლოს მივიდა. 

არჩილი წამოხტა, ოთარაანთ ქვრივს მიართვა თავისი სკამი და მიიწვია დასაჯდომად. 

— დაბძანდი, დაბძანდი. კესო, ნათლიდედას ჩაი მოართვი, — უთხრა არჩილმა თავის დასა. 

— ჩაი რა ჩემი საქმეა, თქვენ შეექეცით, მე უმაგისოდაც გავძლებ. ქალო, როგორ გიკითხო? ხომ მშვიდობით ბძანდებით? — მოიკითხა ქალი ოთარაანთ ქვრივმა და ჩამოსკუპდა სკამზედ. 

— ვართ შენის ლოცვითა და კურთ... 

— მე ჩემთვისაც არა ვლოცულობ, ღმერთი არ შევაწუხო-მეთქი, და თქვენთვის სად ვილოცებდი, — უთხრა მკვახედ ოთარაანთ ქვრივმა და სიტყვა მოუჭრა. 

— ჰა, აფრა არ აუშვა შენებურად, — უთხრა ღიმილით ქალმა და, თითქო მახლობელი მოყვარეაო, თავაზიანად ხელი დაჰკრა კალთაზედ, თავის სკამიდამ ლამაზად გადაწვდილმა. 

ოთარაანთ ქვრივი შეიჭმუჭნა. როგორღაც ეხამუშა, ეუცხოვა ამისთანა ტოლ-ამხანაგური ქცევა ახალგაზრდა ქალისაგან: მე ვინა და ეს გუშინდელი ძუძუთა ვინაო, იფიქრა. მიუხვდა კი, რომ კესო აფრთხილებს და ისე კი, რომ საწყენად არ დაურჩეს. 

— ენამ გულისა უნდა სთქვას, ფერ-უმარილი რა საჭიროა, — უთხრა ქალს ოთარაანთ ქვრივმა ცოტა არ იყოს მწყრალად. 

— ეგ რაზედა სთქვი? 

— იმაზედ, რომ შენ ჩემს სიტყვა-პასუხს შეუშინდი და გაფრთხილება გინდა ჩემი. მიხვევ-მოხვეულს სწორე სჯობია. 

— მკვახედ იცი ლაპარაკი და კაი დედაკაცი კი ხარ. 

— შენც რომ ჩემი დღენი გამოგევლო, ჩემს ტაფაში დამწვარიყავ, შენც ეგრე ილაპარაკებდი. ან სხვაფრივ ლაპარაკი რა საჭიროა? ადამიანს ვარამი და ჭირი ალაპარაკებს. ქვეყანაზედ რომ ჭირი არ იყოს, ადამიანი ენასაც არ ამოიდგამდა: მეტი ბარგია. ლხინს რა ლაპარაკი უნდა? ძაღლს რომ უხარიან, კუდის ქნევითაც იტყვის ხოლმე. 

— ე... ე... ე! თქვენ მე ვიცი, პატარა ხანს უკან ქვასაც ჩამოურევთ, — ჩაერია არჩილი, — ნათლიდედა საქმის დედაკაცია, რა ემასლაათება? არა, ნათლიდედ? 

— რატომ? ზოგან თქმაც კარგია. 

— შენ ხომ მაგისათვის არ მოხვიდოდი ჩვენთან; საქმე რამ გექნება, — უთხრა ხელახლად არჩილმა. 

— მართალია, უსაქმოდ არ მოვსულვარ. 

— ბრძანე: შენი ხმალი და ჩემი კისერი. 

— ჩემს გიორგის თქვენთან დგომა უნდა. 

— ვიცით და შენ მოგერიდენით. შენი დიდი ხათრი გვაქვს და ხათრს ვერ გაგიტეხთ. შენს უნებურად ეგ საქმე არ მოხდება. 

— ჩემი ნებაც არის. ჩემი შვილი ჯერ მე დამეკითხა. მეწყინა, მაგრამ დაშლა აღარ ეგებოდა. მცხვენიან, კაი ოჯახის შვილია, კაი მამის ჩამომავალია. ვთაკილობ და გვიანღაა წუწუნი: ვერ გავტეხე, ვერ ავუხირდი. დეე, რაც საქნელია, იქმნას. 

— თუ ეგრეა, უარს მე ვეტყვი, — უთხრა არჩილმა, — შვილი შენისთანა დედას როგორ არ უნდა ჰნებდებოდეს!.. 

— ნუ, ნუ!.. ნუ ეტყვი უარს. მე დედა ვარ და წამავალი. ის შვილია და მომავალი; მე მივდივარ, ის მოდის. იმისი დღენი გასავლელი მინდორია, მე კი ჩემი მანძილი გამივლია. მე ბოლოში ვარ, ის თავში. წინ ვერ ავეფარები. 

— მითომ რა გაჭირებაა, თუ შენი საამური არ არის? — იკითხა კესომ. 

— გაჭირება რას მიქვიან? სურვილია, იღბალია... ჯერ დაუდუღარი მაჭარია და ბუყბუყებს. დაუდუღარს მაჭარს სარქველი არ დაეხურება, ჭურჭელს გაჰხეთქს. დეე, თავის ნებაზედ იყოს. მე არ ვუშლი, რაკი თითონ არ იშლის. 

— რაკი ასეა, ისე შეგინახავ შვილს, მტერიც კი შენატროდეს, — უთხრა არჩილმა. 

— მაგას არ წავეხარბინები. ის თითონაც კარგად შეინახავს თავისთავს, ისეთის მამის შვილია, — უპასუხა ოთარაანთ ქვრივმა, — ეჰ, კარგი იქნებოდა სასხვისოდ არ გაეხადნა თავი, მაგრამ რაც არის, არის!.. 

— ახლა შენ რომ მარტო დარჩები? — იკითხა კესომ. 

— მარტო რად დავრჩები? ზოგი ჩემს გულშიაც ჩაიხედე, რამდენი ბღარტები მიზის. ჭირადაც მეყოფიან და ლხინადაც. 

— აკი ნათლიდედამ მიხვევ-მოხვევა არ იცისო? აკი პირდაპირ თქმა უყვარსო? მე აქ არა მესმის-რა, — სთქვა არჩილმა და შეხედა დას, თითქო იმას ეკითხებაო. 

— მიხვეულ-მოხვეული რა ვთქვი? ადამიანს მინამ ხელ-ფეხი ერჩის, მარტო არ იქნება, საქმეა ტოლ-ამხანაგი მარტოხელისა. წუთის-სოფელი ვის აცლის მარტოობისათვის? მარტო თქვენისთანას... მარტონი თქვენა ხართ. 

— მართალი გინდოდა და ეგეც მართალი, — უთხრა კესომ ძმას უწყინარობის ღიმილითა. 

— ნათლიდედა სიტყვას მარტო ეკლადა ჰხმარობს, — მითამ და გაიხუმრა არჩილმა, მაგრამ ვაი ხუმრობას!.. 

არჩილი წამოდგა ფეხზედ, ტანში გაიმართა, თითქო რაღაცამ დაუჭიმა ძარღვებიო, — ჩაიწყო ჯიბეში ხელები და მოჰყვა წინა და უკან სიარულს, მერე მივიდა, წინ დაუდგა კესოს და ჰკითხა რუსულად: 

— როგორ გგონია? წინდახედული მხილებაა, თუ წინდაუხედავი კადნიერება? 

— შენ მართალი ხარ, — უპასუხა დამ რუსულადვე, — ერთი ჭკუამ იცის და შესაწყნარებელია, მეორე ურცხვობამ და საწყენია. მე პირველი მგონია. 

არ ვიცით ძმამ დაიჯერა თუ არა დის სიტყვა, ამას კი ვიტყვით, რომ არჩილი ამის შემდეგ მივიდა ოთარაანთ ქვრივთან მხიარულის სახითა და მართლის გულით უთხრა: 

— ბრძენი დედაკაცი ხარ, ნათლიდედ, ბრძენი!.. 

სხვა დროს იქნება ერთი თავისებური მკვახე სიტყვა ეტკიცა ოთარაანთ ქვრივს ამ ქებისათვის, მაგრამ ეხლა კი გაუჩუმდა. მერე თითონაც უკვირდა, ნეტა ენა რამ დამიბაო.



კატეგორია: მოთხრობები,ლექსები და პოემები | ნანახია: 689 | დაამატა: begliti | რეიტინგი: 5.0/3 |
სულ კომენტარი: 0