პარასკევი, 2024-03-29, 6:19 PM
საიტის მენიუ
სიახლეების განყოფილება
პროგრამები [3]
ფილმები [0]
თამაშები [1]
მუსიკები [0]
ელექტრონული წიგნები [0]
სახელების ისტორია [3]
მოთხრობები [0]
გიორგი
მოთხრობები,ლექსები და პოემები [31]
შესვლის ფორმა
სიახლეების კალენდარი
«  მარტი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ძებნა
საიტის მეგობრები
ჩვენი გამოკითხვა
Rate my site
სულ პასუხი: 231
მთავარი » 2009 » მარტი » 8 » ილია ჭავჭავაძე “ოთარაანთ ქვრივი”
ილია ჭავჭავაძე “ოთარაანთ ქვრივი”
2:36 PM

ოთარაანთ ქვრივი 

I 


რას მიქვიან ტკბილი სიტყვა? 


იმ ვეებერთელა სოფელში, რომელსაც თუნდა „წაბლიანს“ დავარქმევ, ყველამ იცოდა, ვინ არის ოთარაანთ ქვრივი. სოფლის გზირისათვის რომ გეკითხათ, ოთარაანთ ქვრივის კარ-მიდამოში მზისა და წვიმის მეტს არავის შეეძლო გავლა ქვრივის უნებურად. 

ნაცვალი თუ იასაული, — რაც გინდ დიდი საქმე ჰქონოდათ, — ოთარაანთ ქვრივის ეზოში ვერ გაიწაწანებდნენ, და თუ როგორმე გაჰბედავდნენ, ისეთს ალიაქოთს ასტეხდა, რომ ბედსა და თავს დააწყევლინებდა. ნამეტნავად გზირს კარგად ახსოვდა ერთი ამბავი, და მერე ხომ მთელმა სოფელმაც შეიტყო. გზირს ერთხელ ერთი ქათამი წაერთმია, — დიამბეგი მობრძანდა, სოფლად ქათმებს ვაგროვებთ, და ასეთი ვაი-ვაგლახი დააწია, რომ, ამბობენ, გუბერნატორამდე თავის ფეხით იარაო და ერთი ქათამი შვიდეულად დაუსვა მოურიდებელს გზირსაო. თუმცა თითონ ქვრივსაც ერთი ათიოდ მანეთი შემოჰხარჯოდა მისვლა-მოსვლაში, მაგრამ ამას ამბობდა თურმე: 

— ფული რა არის?! ხელის ჭუჭყია... ერთი თუმანი რა სათქმელია!.. ჯავრი რომ არ შევარჩინე, — ეს რადა ჰღირს! ტყუილუბრალოდ რომ არ დავეჩაგვრინე ცოტაა?! დეე ამას იქით იცოდნენ, რომ მე ოთარაანთ ქვრივს მეძახიანო. 

სწორედ იცოდნენ კიდეც. ჯგუფად რომ გლეხკაცობა სადმე მდგარიყო, ნამეტნავად თუ შიგ ერია სოფლის მოხელე ვინმე, — ნაცვალი თუ მამასახლისი, — და, ოთარაანთ ქვრივი მიმავალი დაენახათ, ისე გაიფანტებოდნენ აქეთ-იქით, თითქო ალალმა დაჰქროლა წიწილებსაო. 

კაცი ვერ იტყვის, სძულდათ, თუ უყვარდათ ოთარაანთ ქვრივი სოფელში. შიშით კი ყველას ეშინოდა. ასე იფიქრეთ, ტირილით გაჭირვეულებულს და გაკაპასებულს ბალღებსაც კი ოთარაანთ ქვრვის სახელით აშინებდნენ გულზედ მოსული დედები. 

— დაჩუმდი, შე არ-გასაწყვეტო, თორემ აგერ ოთარაანთ ქვრივი მოდისო. 

ოთარაანთ ქვრივმა ეს კარგად იცოდა და ბევრს არას ჰნაღვლთბდა, რომ ასე ეკრძალებიან, ერიდებიან და უფრთხიან ყველანი. 

— ქალაჩუნები რომ არიან, იმიტომაო, — იტყოდა ხოლმე თავისთავად. — ჩემი რად უნდა ეშინოდეთ? რა ბაყბაყ-დევი მე მნახესო! მე მარტო ისა ვარ, რომ ჩემს ჯავრს არავის შევარჩენ, ტყუილუბრალოდ არავის დავეჩაგვრინები. თუ გაჭირდა, რკინის ქალამნებს ჩავიცვამ, რკინის ჯოხს ავიღებ ხელში და ხელმწიფემდინ ვივლიო. 

სოფელმა კარგად იცოდა, რომ ოთარაანთ ქვრივს ტყუილ-უბრალოდ ბაქიობა და მუქარა არ უყვარდა. იმისი თქმა და ქმნა ერთი იყო. 

— მე და ჩემმა ღმერთმა, ბარაქალა დედაკაციაო, — იტყოდა ხოლმე დათია ბადიაშვილი ოთარაანთ ქვრივზედ, — არც სხვისას შეირჩენს, არც თავისას შეარჩენს სხვასა. ახლა შინა ნახე, — რა ამბავი აქვს: მთელი დღე ციბრუტივით ტრიალებს ოჯახში. იმისი ხელი და ფეხი დილიდამ საღამომდე არ დადგებაო. 

სოფლის დედაკაცობას ხომ უფრო ეშინოდა ოთარაანთ ქვრივისა. ვაი იმას, ვისაც უსაქმოდ მოასწრობდა ხოლმე: ძირიანად ამოიღებდა, ძირიანად მოსთხრიდა. 

— რაო, მუქთამჭამელოო? — ეტყოდა ხოლმე. — შენს ქმარს თავისთავის გამოკვება კი ეადვილება, რომ შენც მუქთად გკვებოსო. რას დაგიკრებია გულზე ეგ დასამიწი ხელები, — აი, მოგიკვდეს ეგ უგულო გული! მამა-შენსა აქვს ცხონება, შენც თუ ხელი გასძარი, შენს ქმარს მეტი ლუკმა გულზე დაადგება, აი!.. მეტი მოუვა განა!.. აი დამიწდი, დამიწდი, კარგი რამ შენა ხარ!.. 

ისე არავის გაუვლიდა გვერდით, რომ არ გაეკინწლა, თუ რამ თვალში არ მოუვიდოდა. ძნელად იქნებოდა, რომ ტკბილი სიტყვა ეთქვა ვისთვისმე. 

— ტკბილი სიტყვა რა არისო! — იტყოდა ხოლმე, — ამ გამწარებულს წუთის-სოფელში ტკბილი სხვა რა არის, რომ სიტყვა იყოს. რას მიქვიან ტკბილი სიტყვა! თვალთმაქცობაა, სხვა არაფერი. ტკბილი სიტყვა ნუგეშია, კაცს გულს მოჰფხანს. გულის-ფხანა რაღა დარდუბალაა! ფხანა ქეცმა იცის. ნუ გაიქეციანებ გულს და ფხანაც საჭირო არ იქნება. სიტყვა სამურველი ხომ არ არის, — მოსაკიდებელი ჩანგალია, რომ გული ან აქეთ მისწიოს, ან იქით, თორემ ობი მოეკიდება, როგორც კიდობანში დავიწყებულს პურს. გული ადგილიდამ უნდა მისძრას-მოსძრას კაცმა, თუ კაცს კაცის სიკეთე უნდა. ფხანა გულისა რის მაქნისია! უქმის კაცის საქმეა. თავადიშვილები ფეხის გულზე ხელს ასმევინებენ, რომ ძილი მოიგვარონ, გულის ფხანაც ის არის: ძილს მოჰგვრის. ის კი არ იციან, რომ თუ წუთის-სოფელს ერთს ბეწო ხანს თვალი მოუხუჭე, ისე გაგთელავს, როგორც დიდოელი ლეკი ნაბადსა. 

— ოთარაანთ ქვრივს გულის მაგიერ ქვა უდევსო, — ამბობდნენ სოფელში. 


II 


პილპილ-მოყრილი მადლი 


მართლა ასე იყო თუ არა, — ეს უნდა ეკითხოს ერთს სხვა ქვრივს დედაკაცსა, რომელიც სოფლის მეორე ნაპირას იდგა და მეტად წვრილ-შვილიანი იყო. ეს დედაკაცი ცოტა უხეირო, უნდილი რამ იყო, გარჯა ეზარებოდა და წვრილ-შვილი ნახევარზედ მშიერ-მწყურვალი ჰყვანდა. ოთარაანთ ქვრივი ყოველ კვირა დღეს ერთ ათიოდ შოთს და ერთ ბადია კორკოტს თავის ფეხით გადაუტანდა ხოლმე. 

— აჰა, ხეთქეო, — ეტყოდა ხოლმე დედაკაცსა, — დაგიღია ეგ შავის მიწით ამოსავსები პირი. შე პირშაო, შენა, და შენი დღენი ძაღლსავით სხვას შეჰყურებ, აგერ გამოხრულს ძვალს გადმომიგდებენო. შე არ-დასაცალებელო, რისთვის მოუცია ღმერთს ეგ ბარძაყის ოდენა მკლავები!.. დახე, დახე, ამ წუწკსა, წუწკის შვილსა, სამგლე გოჭსავით გათხვირულა, ლუკმა-პურის შოვნის უნარი კი არა აქვს. რა კარგი დაეყრებათ ამ შენს ცოდვის შვილებსა! შენი მაყურებლები შენგან აბა რა კარგს ისწავლიან! ესენი მაინც არ გეცოდება, შე უბედურის დღისავ!.. 

დედაკაცი, ამისთანაების ჩვეული, მაინც მადლობას ეტყოდა ხოლმე. 

— მადლობა!.. შენთვის მაგრად შეინახე, ძონძებში გამოიკარ, არ დაგეკარგოს... დიდი განძია ეგ შენი მჭლე მადლობა ოთარაანთ ქვრივისათვის, ო შენმა მზემ! ეგრე ხელგაშლით რად იხარჯები. აი, მეხი კი დაგაყარე! მადლობა!.. კარგია — მუქთაა თორემ მაგასაც ხომ ვერ იშოვიდი, რომ გარჯით საშოვარი იყოს. მადლობა!.. ეგ შენი მადლობა გინდა გახიე, გინდა გაფხრიწე... 

გლახა-მათხოვარი ისე არ მიადგებოდა კარს, რომ ოთარაანთ ქვრივს რითიმე არ გაეკითხა, მაგრამ თავისებურად კი წამოულაგებდა. 

— ი... ი... ი... შენ კი მოგიკვდა ეგ უხეირო თავი, — მიაყოლებდა ხოლმე, როცა გასაკითხს აწვდიდა, — დაგიბრიყვებია ჩემისთანა სულელი დედაკაცები და ლუკმა-პურს პირიდამ აცლი. აი, მეხი კი დაგაყარე მაგ ქეციან თავზედ. შე ოხერო, რომ აგიღია თავი და დაეხეტები სათხოვრად, ნამუსი აღარა გაქვს? ამ წუთის-სოფელში ვისა აქვს მეტი ლუკმა, რომ შენც გაძლიოს. ვერა ჰხედავ, შე გულმკვდარო, რომ ვინც კია, წელებზედ ფეხს იდგამს და დღის სარჩოს ძლივსა ჰშოულობს და შენ როგორღა გარჩინოს. ქვეყნისა არა გრცხვენიან! არა, შე ოყრაყო, ოთარაანთ ქვრივი დედაა შენი, მამაა, თუ შენი მოვალეა, რომ შეგინახოს! აი გაგიხმეს ეგ ხელ-ფეხი რისთვის გასხია ეგენი მაგ მუტრუკს ტანზედ, თუ ვერ მოგიხმარებია? ქვეყანას თავისი თავი კი შეუნახავს, რომ ეგ შენი ბრიყვი თავიც ინახოს? ფუ, შენს ნამუსსა!.. 

თუ მეტად შესაბრალისი და ღონემიხდილი გლახა შეხვდებოდა, ამაებს ხომ ეტყოდა და ეტყოდა და ბოლოს დაუმატებდა: 

— წამოეთრიე ერთი მარანში, ღვინოს ჩაგაცეცხლებ. ნუ გეგონოს კი, რომ მადლს გიშვრებოდე რასმე. აი, გაქრეს, — ოთარაანთ ქვრივმა შენთვის არა გამოიმეტოს-რა. აი, ქვევრში რაღაც წუმპე ნაძირალა დამრჩა, მაინც გადასაღვრელია და ბარემ შენ ჩასცეცხლო. 

წაიყვანდა, ერთ ორიოდ ჩარექას კაი ღვინოს გადაახუხებდა და გამოისტუმრებდა თავისებურად ქება-დიდებით. 

ერთხელ ერთი მთხოვარა მიადგა კარს. ოთარაანთ ქვრივმა გამოუტანა გასაკითხად ერთი უშველებელი შოთი, რასაკვირველია — თავისებური პილპილიც მოაყარა ზედ: კარგად, ლაზათიანად გამოგილანძღათ. როცა მთხოვარა გაბრუნდა, მაშინ შეასწრო თვალი, რომ ფეხები დაჰხეთქოდა ფეხუცმელობით. 

— დამაცა, შე არ-დასაცალებელო, — დაუძახა მთხოვარას. 

მთხოვარა გაჩერდა. ოთარაანთ ქვრივი შევარდა სახლში, იღლიას ქვეშ ამოიჩარა ექვსი შოთი, მოვიდა მთხოვარასთან და დაუყვირა: 

— მე გამომყევ, შე ადრე და მალე დასამარხავო! 

გაოცებული მთხოვარა გაჰყვა, ოთარაანთ ქვრივი გავიდა სოფლის ბაზარში, ერთი შოლტი საქალამნე ღორის ტყავი გადმოაღებინა მედუქნეს, ექვსი პური მისცა, ტყავი გამოართვა და ისე მიახალა თავში მთხოვარას, რომ საწყალმა თვალებზედ ხელი მიიფარა, ცხვირ-პირში არ მომხვდესო. 

— აჰა, შე არ-დასარჩენო, ამოისხი და ჩაიცვი. იქნება ამოსხმაც არ იცოდე, შე დასაღუპავო. 

— რაო, ოთარაანთ ქვრივო, გემართა მაგისი, თუ რა არის? — ჰკითხა ქოსმანსავით გათხვირულმა მედუქნემ. 

— მაშ არა-და, მაგის თავის მზემ, ჩემს თავს პურს დავაკლებდი და მაგის ქალამანში მივცემდი, — იტყუა ოთარაანთ ქვრივმა. 


III 


ხუთი ქისა. 


ოთარაანთ ქვრივს სოფლის ნაპირას ერთი კაი მოზრდილი ფიცრული ედგა. მისი ეზო, საკმაოდ ფართო გლეხკაცისათვის, გარს შემორტყმულია ტყრუშულის ღობითა. ეზო წმინდაა, ფაქიზად შენახული და დერეფნიდამ მოყოლებული ჭიის-კარამდე სიგრძე-სიგანეზედ მწვანით აბიბინებული. დერეფნის წინ, ერთ ოციოდ ნაბიჯზედ, უშველებელი კაკალი სდგას, შტოებ-ძირდაშვებული, შემორგვალებული, თითქო განგებ შემოკვეცილიაო. 

კაცის თვალს ეამებოდა, რომ ეს ეზო ენახა. სახლი, როგორცა ვთქვით, ფიცრულია. მარტო ჩრდილის მხრივ კედელი მთლიანია, სხვა მხრივ კი ყოველგან თითო კარი აქვს დატანებული. კედლები ყველგან დაჩითულია სათოფეებითა. სჩანს შიშიანობის დროს ყოფილა აშენებული. 

ამ სახლს მარჯვნივ წალმით დახურული მარანი ედგა, ოთხკუთხივ ღია და ფარღალალა. სახლის უკან კალო-საბძელია და საბძელ-ქვეშ გომური. სახლის მარცხნივ პატარა ადგილია შემოღობილი და შიგ ბოსტანია. 

აქ მოჰყავს ხოლმე ოთარაანთ ქვრივს ყოველივე ბოსტნეულობა, რაც კი დასჭირდება საზაფხულოდ, თუ საზამთროდ. თავისის ხელით ჰბარავს, სთოხნის, ჰმარგლის, სთესს და ჰკრეფს ხოლმე. თუმცა სოფლელნი ბევრს იძახდნენ: ვის გაუგონია დედაკაცის ბარი და თოხიო, მაგრამ ოთარაანთ ქვრივი არას დაგიდევდათ. 

— თუ არ გაუგონიათ, ეხლა გაიგონონო, — ამბობდა. ხოლმე. — მითამ მე რითა ვარ ნაკლები აიმ დამპალ გოგიაზედ! თუ იმასა ჰშვენის ბარი და თოხი, მე რაღა ღვთისაგან შერისხული ვარ. რა ვუყოთ, რომ ის მამაკაცია და მე დედაკაცი. მითამ ჩემზედ წინ რით არის? იმასაც ორი ხელი და ფეხი აქვს და მეცაო. თუ ის ხელ-ფეხს ასაქმებს, მე რაღა დარდუბალა გადამკიდებია!.. რა საპყარი და დავარდნილი მე მნახესო!.. 

ბოსტანში მუშაობა ისე უყვარდა, რომ სხვის ხელს არ მიაკარებდა. ბოსტანში პატარა რუი იყო გაჭრილი და მუდმივ და გაუწყვეტლად წყალი ჩამოჩუხჩუხებდა, დიდის სასოფლო რუიდამ წამოყვანილი. იმ სოფელში წყალი ბევრი იყო, სოფელს ზედ შუაზედ სამის წისქვილის წყალი ჩამოუდიოდა. როცა ძალიან გოლვა იყო, მაშინ კი წყალს სოფლელნი ერთმანეთსა ჰპარავდნენ, სტაცებდნენ ბოსტნებისა და ნამეტნავად ვენახების სარწყავად. ოთარაანთ ქვრივს კი ვერ უბედავდნენ წყლის მოკლებასა. თუ ვინმე გაჰბედავდა, ვაი იმას!.. ოთარაანთ ქვრივი მეწისქვილესავით გაიდებდა ხოლმე მხარზე თოხსა და აჰყვებოდა რუს თავამდინა. გლეხები რომ ამ ყოფით დაინახავდნენ ოთარაანთ ქვრივსა, იტყოდნენ: 

— წამოვიდა მეხი, და ვაი იმას, ვისაც დაეცემაო. 

სახლში რომ შესულიყავით, ყველაზედ უწინარეს თვალში გეცემოდათ სიფაქიზე და დაგვილ-დაწმენდილობა იქაურობისა. თარო ჩრდილოს მთლიან კედელზედ თავიდამ ბოლომდე გახიდულია და ზედ ჩამომწკრივებულია სუფთა ჭურჭელი ქაშანურისა. ორიოდე ქვაბი, ტაფა, ჩამჩა, ქაფქირი, ძალზედ დაწმენდილ-დარეცხილი, მხიარულად გადმოიცქირებიან მაღლიდამ, თითქო თავს იწონებენ, რომ კარგი მომვლელი და პატრონი ასჩენიათ. 

კერას აქეთ-იქით თითო ტახტია დაფენილი ჭრელის ფარდაგებითა. კარგა ხნის ფარდაგებია, მაგრამ კარგად შენახული და ნაპატრონები. ტახტების თავზედ თითო ბაცანკალი, ანუ როგორც ზოგან ეძახიან, სართუმალი სდგას ხარატით ნაკეთები. კუთხეში ერთი დიდი კიდობანია. ეტყობა ძველი ნაკეთობაა, იმიტომ, რომ წინა-პირზედ გამოხარატებულია სხვადასხვა სახე და ძველებური გრეხილ-ხვეულები სილამაზისათვის. ერთი დიდი სკივრიცა სდგას მეორე კუთხეში. ეტყობა ერთს დროს ლურჯად ყოფილა შეღებილი და ეხლა კი საღებავი გადასვლია. ამ სკივრზედ აკოკოლებულია ქვეშსაგები, ლურჯის სუზანით თავიდან ბოლომდე ჩამოფარებული. 

ამ სახლის, ანუ როგორც თითონ ოთარაანთ ქვრივი ეძახდა, დარბაზის მოწყობილობისათვის რომ თვალი კარგად დაგეკვირვებინათ, იტყოდით — ამის პატრონი შეძლებული კაცი უნდა იყოსო. არც მოსტყუვდებოდით. გლეხკაცობის კვალობაზედ ოთარაანთ ქვრივს ბევრი შეჰნატრებდა. ამას ქმრისაგან დარჩა ნახევარ-გუთნეული საქონელი, ორი ფურ-კამეჩი, სამი ძროხა, ამას გარდა ორის დღის კარგად გაკეთებული და გავსებული ვენახი და ოციოდ დღის სახნავ-სათესი მიწა. 

ვენახს ქვრივი ძალიან კარგად უვლიდა, ძალიან აპატიებდა და ვენახიც კარგს მოსავალს იძლევოდა. ამბობდნენ, რომ ოთარაანთ ქვრივი, — რაც უნდა მდარე მოსავალი ყოფილიყო, — სამს საპალნეს ღვინოს მაინც გაჰყიდდაო ყოველ-წლივ. მისი ღვინო საპალნე შვიდ-რვა და ათ თუმნადაც ბევრჯელ გაყიდულა თურმე. შინაც სახარჯოდ ღვინოს სამყოფზედ მეტს ინახავდა. ათის დღის მიწას ყოველ-წლივ ჰხნავდა. სყიდვით იქნებოდა, ალოთი, თუ თავისის გუთნით, ათის დღისას უსათუოდ მოჰხნავდა და მოსთესავდა. 

გაჰყიდდაო ღვინოსა და მომეტებულს პურს თუ არა, ფულს ხუთ ნაწილად ჰყოფდა და ხუთ რიგად ინახავდა. ამისათვის ნაჭრებისაგან ჭრელი ქისები ჰქონდა, ჩანთასავით შეკერილები. ერთს ამისთანა ქისას „საჭირნახულოს“ ეძახდა და შიგ ინახავდა სახარჯოს პურისა და ქერების სამკალად, მოსაზიდად და სალეწად. მეორე ქისას „ბარაქალა ქისას“ ეძახდა. ამაში ინახავდა სახარჯოს ვენახის სამუშაოსათვის. მესამე ქისას “საჯანაბო” ერქვა. ამაში ინახავდა ფოსტის ფულსა და საბეგროსას, თუ ვინიცობაა სოფელი ოდესმე შეაწერდა. მეოთხე ქისაში ინახავდა მოჯამაგირის საჯამაგირო ფულსა. ამ ქისას ეძახდა: „მიეცი და მოგეცესო“. მეხუთე ქისაში ჰქონდა საშინაოდ სახარჯო და ღარიბთა გასაკითხი ფული. ამ მეხუთე ქისას ოთარაანთ ქვრივი ხან „ფარსიღას ქარვასლას“ ეძახდა, ხან „შიოს მარანსა“. 

თვლა თუმცა მაგრე-რიგად არ იცოდა და ხშირად კენჭებს მოიშველიებდა ხოლმე, როცა უამისოდ დათვლა უჭირდებოდა, მაგრამ ანგარიში ძნელად შეეშლებოდა. პირველს ოთხს ქისაში იმდენს ჩააწყობდა, რამდენიც საჭირო იყო და ძალიან იშვიათად მომხდარა — ანგარიში არევოდეს. რაც პირველს ოთხს ქისას გადარჩებოდა, ყველას მეხუთე ქისაში დაუთვლელად ჩაჰყრიდა და, მინამ გამოილევოდა, დაუთვლელადვე ჰხარჯავდა.


კატეგორია: მოთხრობები,ლექსები და პოემები | ნანახია: 2843 | დაამატა: begliti | რეიტინგი: 4.7/12 |
სულ კომენტარი: 0