ბედი ქართლისა
კახთა მიმართ ძმანო კახელნო, ნამდვილ ქართველნო, მოლხინე სულით, თქვენში აღზრდილა პატარა კახი მეფედ და გმირად; თქვენ გიყვართ მისთა დროთა ხსენება მხურვალეს გულით, როს თქვენებრ მლხენი ევლინებოდა მტერსაც გამგმირად;
და რაც საყვარლის ჩვენის ირაკლის ჟამმან მეფობის მოუვლინა აწ გამოხატვასა ჩემს ყმაწვილობის, - მეც, ძმანო კახნო, თქვენ შემოგიძღვნით მას არმაღანად, ერთსულობისა, ვაჟკაცობისა, ლხინის საგანად.
როს თქვენებურად მამულის ღვინით გულს ახარებდეთ, ხელთ ჯამის მპყრობნი წარსულსა დროებს მოიხსენებდეთ და მორიგისად სმიდეთ წინაპართ შესანდობარსა, მოიგონებდეთ ყარიბს მგოსანსაც, თქვენდა მბობარსა!
კარი პირველი „მწყემსო კეთილო, შენს წმიდას სამწყსოს შემოვავედრებ ჩემსა სამეფოს! გულთა-მხილავო, შენ უწყი, რაც დღეს საქართველოსა ჭირნი მოადგეს! მრავალ არიან, უფალო, მტერნი და წარიტაცონ შენნი ცხოვარნი! გვესწრაფე, ჩვენო ხელთ-აღმპყრობელო, და აღადგინე დღეს საქართველო!“
ასე ილოცვიდა მეფე ირაკლი ბანაკსა თვისსა გულით მხურვალი. ცათა წინაშე დიდია მსხვერპლი მამულისათვის მეფისა ცრემლი!
ქართველთა ჯართა კრწანისის მინდვრად დაებანაკათ სპარსთა საომრად; პატარა კახი აღა-მაჰმად-ხანს უპირებს შებმას ძლიერს, რისხვიანს.
ამ დროს გამოჩნდა სამხრეთით მტერი. ცა მოწმენდილი, ცა მშვენიერი ზე-დანათლიდა ბრძოლისა ველსა, და ირაკლიცა ჯარსა ქართველსა განამხნევებდა მამობრივის ხმით:
„ხედავთ, ვითარის კადნიერებით შეკრბების ჩვენზედ უსჯულოება! საქართველოს დღეს გადაუწყდება თავისი ბედი და უბედობა! დღეს ეჭირება მამულს მხნეობა! დღეს მეცა თქვენში ვარ მეომარი, ვითა თქვენგანი ერთი მხედარი; დღეს გამოჩნდება, ვინ არს ერთგული, ვის უფრო გვიყვარს, ძმანო, მამული!“
„შენი გამჩენის ჭირიმე, შენი, რომ გაგვაგონე კვლავ ხმა სალხენი!“ შებღავლა მეფეს ჯარმა ერთის ხმით.
„ჩვენ თუნდ სულ ერთ დღეს დავიხოცებით, ოღონდ შენ იყავ, მეფევ, დღეგრძელი! მტერი რა მტერი, ოდეს ქართველი ბატონს ირაკლის ნუგეშად ხედავს; მისთვის სიცოცხლეს ვინღა დაზოგავს!“
ნეტარ მეფისა გულს მამობრიულს, ოდეს მოყმენი, ვით მამას შვილნი, განუცხადებენ თავისს სიყვარულს!
დაჰკრეს ნაღარა, გულნი შეჰზარა და მტერთ საომრად ჯარნი შეჰყარა. ხმა ნაღარისა, ხმა ეს ბრძოლისა ვით არ აღგანთებს, გმირო ქართლისა! მხდალო, განგამხნევებს, მხნევ, განგაღვიძებს, და შენც, მიჯნურო, სულს შეგიშფოთებს!
შეექმნათ მწარე, ძლიერი ომი; ვითა ნადირსა მშიერი ლომი, ეკვეთნენ სპარსთა ივერთ მხედარნი და მტკვარსა შერთეს სისხლისა ღვარნი! ორნივ იბრძვიან გამწარებულნი, ორნივ ომებში გაქეზებულნი.
თამაზ, ენისელთ მოურავის ძე, და იოანე კახთ აბაშიძე, სომხითის გმირნი ყაფლანიშვილნი და მათ მომარცხნედ ბარათაშვილნი განუმტკიცებენ მკლავთა ქართველთა; მეფის ირაკლის ღვაწლი ყოველთა შთაუდგამს სულსა ვაჟკაცობისას, - მაინც ვერ ხედვენ ბოლოს ბრძოლისას. რა ნახეს ქართველთ, გაჭირდა საქმე, მყის ჩაიკეცეს ქუდები თურმე, ხრმალს ხელი იკრეს მამაპაპურად და დაერივნენ თავისებურად!
ბინდმა გაჰყარა მებრძოლნი მტერნი, გამარჯვებულნი დარჩნენ ივერნი; მაგრამ რა მეფე ჯარსა უყურებს, მას გამარჯვება არღა ახარებს: ძვირად დაუჯდა იგი ირაკლის! მრავალთ ყმაწვილ-კაცთ, ნუგეშთა ქართლის, დასდვეს აქ თავი მამულისათვის!.. აწ საფლავიცა არსად არს მათთვის, ჰაერში განქრა მათი სახელი და ჟამთ მოწამე სადამე ძეგლი არ გვიქადაგებს მათთა საქმეთა; დუმილნი ჰფარვენ ერთგულთა ძეთა!.. მაგრამ, ჰოჲ გმირნო, ნუ შეშფოთდებით, თქვენ სახსოვარი გაქვთ თვით განგებით: რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააჩნდების, საშვილიშვილოდ გარდაიცემის; ქართლი თქვენს ღვაწლსაც ვერ დაიდუმებს, აღა-მაჰმად-ხანს ვიდრე ახსენებს!
მეფემ უბრძანა თვისთა მოხელეთ: „გვიჯობს, რომ ახლავ ქალაქს მივიქცეთ და ციხე ჩვენი მსწარფლ გავამაგროთ, თვარემ ხვალ სიმხნით ვერა გავაწყოთ, აღა-მაჰმად-ხან რა აქა გვნახავს; ხომ იცით, ჯარი დიდ-ძალი ახლავს, და იქნება, რომ ციხეში დავხვდეთ, ჩვენის ძალისა ფიქრი მიეცეთ. ძველთაგან ასე ნაამბობია, რომ ზოგჯერ ხერხი ღონეს სჯობია“. ყველა ეთანხმა ამაზედ მეფეს; ქალაქს მოიქცნენ იმავე ღამეს, და მსწრაფლ ზღუდენი ნარიყალისა ექნათ საჭურედ ჯართა ქართლისა!
გათენდა დილა მზისა აღმოსვლად; მაგრამ მნათობმა შუქისა ნაცვლად ბნელი მოჰფინა ტფილისის არეს: აღა-მაჰმად-ხან მოადგა ციხეს! სამი დღე და ღამ ადგა მას ჯარით, მაგრამ ვერარა ავნო ვერსაით. დაღონდა სპარსთა მეფე ბორგვნილი, და თურმე ყოვლით იმედმიხდილი ქართლითგან წასვლას დააპირებდა; მაგრამ იუდა ჟამს ეძიებდა! აჰა, მან იგი აწ მოიხელთა და მუხთალისა ანგართა ხელთა აჰყარეს მამულს სიმტკიცის ბჭენი! მან მტერთ უმსხვერპლა თვისი მოძმენი! სცნა რა ირაკლიმ ესე სიმუხთლე, მოყმეთა თვისთა ესრეთ სიმდაბლე, მყისვე აღენთო ხელმწიფე-გული, მტერზედ ამაყად გამზადებული! მაგრამ ცუდ იყო ყოველი ღონე: აღა-მაჰამდ-ხან, კვლავ თავმომწონე, შემოეპარა ციხისა კართა, და მოევლინა მსწრაფლ ქართველთ ჯართა. გაფოთებული ეძიებდა მას. ვინცა ჰერანის ტახტ-ხელმწიფებას ქართველთა შორის წაართვა ძალა; მაგრამ ირაკლიმ უკვე გაჰქუსლა მთიულეთისკენ თავისი ცხენი და შეუმცირა სპარსთ ტკბილნი დღენი!
კარი მეორე მორბის არაგვი, არაგვიანი, თან მოსძახიან მთანი ტყიანნი, და შეუპოვრად მოუთამაშებს გარემო თვისსა ატეხილ ჭალებს. ჰოი, ადგილნო, არაგვის პირნო, მობიბინენო, შვებით მომზირნო, ქართველთა გულმან როგორ გაუძლოს, ოდეს შვენება თქვენი იხილოს, რომ თქვენს ბუჩქებში არა ჩამოხდეს, რაც უნდა გზასაც ეშურებოდეს, როგორ იქნება არ განისვენოს? სამჯერ ხომ მაინც გადაჰკრავს ღვინოს, ცხენს მოაძოვებს, თვალს მოატყუებს, გამოიღვიძებს - შუბლს განიგრილებს, ერთს ქართველურად კიდეც შესძახებს, არაგვო, მაგ შენს ამწვანებულ მთებს, და მერმე თუნდაც დაუგვიანდეს, იგი იმისთვის აღარ დაღონდეს!
მზე დამავალი მოჰფენს სიამეს მთიულეთისა ხეობის არეს, და ამ მშვენიერს არაგვის პირებს ძველი ჩარდახი ზედ გადმოჰყურებს. მუნ ბრძანდებოდა მეფე ირაკლი, მოწყენის თვალით გადმომზირალი; დაფიქრებული, თვისთა ზრახვათა კრიელესონის ართობს ქარვათა.
თან ახლდა მეფეს თავის მსაჯული, ნიჭთა კეთილთა უხვად მორჭმული. ვის არა გახსვთ სოლომონ ქველი, მეფის შინაყმა, ყმათ საყვარელი! სადღა არიან აწ ესე კაცნი, რომ არ გვალხენენ სულით მამაცნი!
დიდხანს უჭვრეტდა მეფე მდუმარედ არაგვის წყალთა, მდენთა მჩქეფარედ; ბოლოს მახვრალმან უბრძანა მსაჯულს: „შენ იცონობ კარგად, სოლომონ, ჩემს გულს, შენ უწყი ქართლის აწ ვითარება, მისი აწ ძალა, ყოფა-ცხოვრება; ბევრჯერ რჩევანი შენნი, ვითა წყლულს, მსალბუნებიან მე შეწუხებულს; აწცა ჩემს სულის ტვირთს, ჩემს გულის წადილს, შენ გაგიმჟღავნებ, ვით საყვარელ შვილს!
„არ მითვისებდა ქართველთა გული, რომ ვიყავ მათი მეფე ეული; ჩემი მეფობა ზედ დავასრულე, რომ ძლივს იგინი გავიერთგულე! და ახლა, ოდეს ჩემს ხელმწიფობას განუმზადებდი ჟამ-კეთილობას, აი, მის ნაცვლად მე რა მომაპყრეს ჩემმა შვილებმა და ვინ ახარეს!..
„ამიერითგან გაქეზებული მაჰმად-ხანისა მოსისხლე სული არ დაგვაწყნარებს ამაყობითა: მას ჟამი შესწევს ყოვლის ღონითა; ეს ხმა ლეკთაცა აგვიყაყანებს; ოსმალი მხოლოდ დროს შემოჰყურებს, და მტერნი ძლიერ მაშინ მოგვატყდნენ, როს ყმანი ჩემნი ურთიერთს ბძარვენ! მე თუმც კიდევ ვგრძნობ სულის სიმტკიცეს, გარნა ღონენი წელთ წარმიტაცეს; შენი ირაკლი ის აღარა ვარ, პატარა კახად რაც გინახივარ!
მარქვი, რომელს შვილს ჰხედავ ღირსეულს, რომ ექმნას კვერთხად მამულს დარღვეულს?.. ღმერთო, ამაზედ მეტთა სატანჯველთ ნუღა მოუვლენ საწყალთა ქართველთ!..
„აბა, რას მირჩევ, ჩემო მსაჯულო? კარგად იფიქრე, შვილო ერთგულო: აწ განთქმულია რუსთა სახელი, ხელმწიფე უვისთ ბრძენი და ქველი, დიდი ხანია გვაქვს ჩვენ ერთობა, მტკიცე კავშირი, - სარწმუნოება, - მას მინდა მივცე მემკვიდრეობა, და მან მოსცეს ქართლს კეთილდღეობა!“
ამის გამგონი ჩვენი მსაჯული უჭვრეტდა მეფეს განცვიფრებული: მას არ სჯეროდა, რომ ირაკლის გულს ხედვიდა იგი ესთ შეცვალებულს. „რასა მიბრძანებ“, ჰკადრა მან მეფეს, „ბატონო, ღმერთი გადღეგრძელებდეს, ნუ გააგონებ მაგ ხმას ქართველთა, ესდენ შენზედა მსასოებელთა! ჯერ სამაგისო რა გვემართება, რომ განვისყიდოთ თავისუფლება!
„იცი, მეფეო, რომე ივერნი იქმნებიან რუსთ ხელთ ბედნიერნი? სახელმწიფოსა სჯულის ერთობა არარას არგებს, ოდეს თვისება ერთა მის შორის სხვადასხვაობდეს. ვინ იცის, მაშინ როგორ მოუხდეს რუსეთის ძალი ქართლს აწინდელი: ვით შეითვისოს რუსმა ქართველი, ვით შეიწყნაროს რუსთ მეფობამა, რაც მოისურვოს ქართველობამა? მაშინ, მეფეო, რამდენ კაცთ მართალთ მოუკლან გული ტანჯვათ იდუმალთ! მაშინ ირაკლის სახსენებელი ვინღა ახსენოს აწ საქებელი? ნუ, ხელმწიფეო, მას ნუ ინებებ; შენგან კი მაგას ნუ გაგვაგონებ, და მერმე ქართლი ვინც ვერ განაგოს, მაშინ მან უწყის, რაც მოაგვაროს, ხოლო ირაკლი ვიდრე ჰყავთ ქართველთ, უბედურებაც ბედნიერ აქვნდეთ!“
„ჩემო სოლომონ“, მეფემ უბრძანა, „მე ეგ ყოველივ არ ვიცი განა? მაგრამ კეთილთა დღეთათვის ქართლის რა მოვაგვარო უმჯობეს ამის? მე არა ვფიქრობ, ვითარცა მეფე, თვისს დიდებითვის სისხლთა აღჩქეფე, არამედ ვითა მამა კეთილი, რომელსა სურს, რომ თავისი შვილი თვის სიცოცხლეშივ დაასახლკაროს. ძნელ არს ცხოვრება სამეფოსი, როს უჭვრეტდეს იგი ომსა დღე-დღითი! აი, ხომ ნახე აწ მაგალითი, რა ქმნა ამ ერთმან დამარცხებამან! კარგი, რომ კიდევ აღა-მაჰმად-ხან ქალაქს დასჯერდა განძვინებული, სხვით არ აღივსო მან საწყაული!
„ახლა კი დროა, სოლომონ, რომა მშვიდობა ნახოს საქართველომა. მან საფარს ქვეშე მხოლოდ რუსეთის ამოიყაროს ჯავრი სპარსეთის, და მხოლოდ მაშინ უეჭვოდ გვრწამდეს რომ ქრისტეანთ ხმა მარად ისმოდეს საფლავთ ზედ ჩვენთა მამა-პაპათა, და განისვენონ აჩრდილთა მათთა!“
ვეღარ გაუძლო მსაჯულსა გულმან და ჰკადრა მეფეს აღშფოთებულმან: „განზრახვა შენი, მეფევ, მაკვირვებს! ირაკლიმ იცის, რომე ქართველებს არად მიაჩნით უბედურება, თუ აქვთ თვისთ ჭერთ ქვეშ თავისუფლება!“
- „სულ მართალია, ჩემო სოლომონ, მაგრამ, აბა, თქვი, ქართველთა რა ჰყონ ამ უბედობის და დარღვევის დროს? აბა, ირაკლიმ რა მოაგვაროს მშვიდობისათვის საყვარელ ყმათა?.. აი, მივიღებ მე შენთ რჩევათა და დავიდუმებ ჩემსა გულის-თქმას; ნუ დაივიწყებ მაგრამ ჩემს სიტყვას, რომ დღეს იქნება, თუ ხვალ იქნება, ქართლსა დაიცავს რუსთ ხელმწიფება!“
ასე ირაკლი და მის მსაჯული, მამულისათვის გულ-მტკივნეული, ქართლისა ბედსა განსამართლებდნენ, ხოლო ქართველნი მამულს ჰგლოვობდნენ!
ამ დროს აღმოხდა ბადრი მთოვარე და სიამითა მოჰფინა არე. ცამ, მოჭედილმა ვარსკვლავებითა, მთისა ჰაერმან, სავსემ შვებითა, და მთვარის შუქზე არაგვის წყალთა, თავისუფლებით ჩამომჩხრიალთა, გულს აუშალეს დარდები ბატონს, ოხვრა დამართეს, ვით კაცსა ლიტონს: მას მოაგონდა დრო ყმაწვილობის, განტარებული თვისთა კახთ შორის, როს ჯერ არ ეღო ტვირთი მეფობის, როს ჰქონდა ჟამი უზრუნველობის, და საყვარელი კახეთის გმირი იყო ნიადაგ მტერთა გამგმირი!
დიდხანს დაჰყოფდა ბატონი ჩუმად, დაფიქრებული მწუხარედ და ღრმად, შემდეგ უბრძანა სოლომონ მსაჯულს: „ახლა კი დროა ჩვენს გაოხრებულს ქალაქს ჩავხედოთ; მაგრამ ჯერ ერთი მინდა ვიხილო კვალად კახეთი, შევიტყო კახთა საჭიროება, ვსცნა აზრთა მათთა აწ ვითარება; შენ კი აქეთგან ქალაქში ჩადი და დამახვედრე ჩემი სამზადი“.
დილაზე ადრე მოვალს მსაჯული ქსნის ხეობაში, დაფიქრებული. ვიდრემდის იყო შიშიანობა, მას აქ ესახლა თავის სახლობა, და მომავალმან აწ ქალაქისკენ გამოიარა თავის სახლისკენ.
მეფის აზრთაგან სულით ღელვილი, ზრახვიდა გულში მამულის შვილი: „მადლობა, ღმერთო, შენსა განგებას! ერთ კაცს მოჰმადლებ ყოვლთა უფლებას, და მისს ერთს სიტყვას მონებენ ერნი, განურჩეველად სულელნი, ბრძენნი, და იგი მათს ბედს ისე განაგებს, ვითა ამღერდეს იგი კამათლებს! მაგრამ შენ, მეფევ, ვინ მოგცა ნება - სხვას განუბოძო შენს ყმათ ცხოვრება, მისდევდე შენსა გულისკვეთებას და უთრგუნვიდე თავისუფლებას? შენ ერმან მოგცა პირველ ღირსება, რათა დაუცვა ყოფა-ცხოვრება, და რად ივიწყებ, რომე მარადის მეფის გულის-თქმა ერსა ეკუთვნის!..
„იქნება მეფე ციხის გატეხას აბრალებს მოყმეთ მუხანათობას? იქნება ამან აჰყარა გული ბატონს ქართლზედა შეუორგული?.. მაგრამ ირაკლიმ უკეთეს უწყის, თუ ვით საყვარელ არს ქართველთ შორის. მაშ, რამ უცვალა მას გული მყარი, ქართველებისთვის ესთ თანამკვდარი?.. მაგრამ, ვინ იცის! იგი იქნება უკეთ ფიქრობდეს, რაც გვეჭირვება: ბევრჯერ ღვთიურსა ზრუნვასა მეფის გონება ყმათა ვერა მიხვდების!“
ამ ფიქრში იყო მსაჯული, ოდეს მოადგა თავის სახლისა არეს. წინ მოეგება მას თავის ცოლი, სათნო სოფიო, სულისა ტოლი; ახლაც ბევრს ახსოვს მისი ზრდილობა, მშვენიერება, გულკეთილობა. რა დაინახა მან თავის ქმარი, სახეშეცვლილი, მონაწყინარი, ამბავი ჰკითხა მყის ირაკლისა, - ასე საყვარელ იყო ყოვლისა!
„ვეჭვობ, სოფიო, რომე ირაკლი ქართველებზედა იყოს გულნაკლი; მას ზედ ეტყობა, რომ მისი სული ძლიერად არის აღელვებული! მწარედ უპირებს ბატონის დასჯას თავის შვილების ამა ურჩებას; ვეჭვობ, რომ იგი სამეფოს ქართლის აძლევს საფარს ქვეშ რუსთა ხელმწიფის. მაშინ უყურე შენს დედაკაცებს, როს საცხოვრებლად დიდკაცთა ცოლებს პეტრეს ქალაქში გარდაასახლვენ! მაშინ, სოფიო, რაღა გინდათ თქვენ: ხელმწიფეს ჰპოვებთ მამად კეთილად და დედოფალსა დედისა ნაცვლად; არ მოგაკლდებათ თავისუფლება, განცხრომილება, ფუფვნეულობა მათთა სიმდიდრის პალატთა შორის! ვერ გაიგონებთ მუნ ხმასა მტერის. მრავალთ სიამეთ იხილავთ კვალად ბანოვანთათვის გულთ გასართობად. მაშინ ვისაღა მოესურვება, ნახოს ქართლისა კვლავ ამბოხება!“
- „უწინამც დღე კი დამელევა მე! უცხოობაში რაა სიამე, სადაცა ვერ ვის იკარებს სული და არს უთვისო, დაობლებული? რა ხელ-ჰყრის პატივს ნაზი ბულბული, გალიაშია დატყვევებული! და ველად იგი, ამხანაგთ შორის, ჭირსაც, ვით ლხინსა, ერთგვარ დამღერის! ესრეთ რას არგებს კაცსაც დიდება, თუ მოაკლდება თავისუფლება? თავის მამულში მას გაჭირვება სხვადასხვა რიგად ენუგეშება: მუნ სულსა სული თვისად მიაჩნის და გულსა გულის პასუხი ესმის! რად დაგვრჩომია სხვაზედა თვალი, ოდეს მეფეცა და დედოფალი გვყვანან კეთილნი და ღირსეულნი, და ვართ მათთანა შვილებ ჩვეულნი? ჩვენის დედოფლის გულისა ნაცვლად, მწუხარებათა სანუგეშებლად, რასა ვიპოვით ჩვენს სიცოცხლეში?
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
მსაჯულს ეგონა, რომე იგი გულს დედაკაცთაცა ჰპოვებს ცვალებულს, და აწ რა ნახა ცოლი ამ აზრით, გარდაეხვია მას მხირვალებით.
ჰოი, დედანო, მარად ნეტარნო, კურთხევა თქვენდა, ტკბილსახსოვარნო! რა იქნებოდა, რომ ჩვენთა დედათ სულიცა თქვენი გამოჰყოლოდათ! ვინღა ჰყავს გულის შემატკივარი მამულს ასული ახლა თქვენგვარი? ქარმან ჩრდილოსმან ყველაზედ პირველ გარდაუცვალა მათ გული ცხოველ! „ჯანი გავარდეს აწ შვილსაც, მამულს, ოღონდ ვაამოთ ჩვენს საკუთარ გულს; რის ქართველობა, რა ქართველობა! მითომ რას გვავნებს უცხო ტომობა?“
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
რა მოახლოვდა ქალაქსა მეფე, დიდხანს უჭვრეტდა ცრემლთა აღმჩქეფე! პალატნი მისნი გარდმონგრეულან, სახლნი-სამშობლო დანაცრებულან; მიდამო ხედავს უპატრონობას, აღოხრებასა და ნატამლობას! დუმილი სუფევს მის არემარე! მხოლოდ ბუტბუტებს მტკვარი მწუხარე, შემრთველი მრავალთ სისხლთა ქართველთა: იგი გადარჩა მხოლოდ სპარსელთა!
აღივსო კვალად ერით ტფილისი, რა მობრძანება სცნეს ირაკლისი. ქალაქი ისევ ჩქარად აშენდა, თუმცა ადრინდელს მრავალი აკლდა!
წარვიდენ წელნი მოსვენებისა და კვლავ ირაკლიმ ხრმალი ბრძოლისა აღიღო ლეკთა შესამუსვრელად! არც სპარსნი მორჩნენ დაუმარცხებლად. სიბერის ჟამსა მოიცა ძალი და შეაძრწუნა კვალად ოსმალი; კვლავ ასახელა თავის სახელი; მაგრამ ამაო იყო ყოველი: დიდი ხანია გულს ირაკლისა გარდუწყვეტია ბედი ქართლისა!
ტფილისი 1839
|